ირაკლი ქარსელაძე საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდა
16 ნოემბერი 2021„შეხვედრას ესწრებოდნენ ცნობილი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი ინტერესისთვის, რაც საქართველოს მიმართ არსებობს. საინტერესო საუბარი შედგა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც გვაქვს ამჟამად და პერსპექტივაში იქნება ჩვენს ქვეყანაში. შევეხეთ ფაქტობრივად ყველა მიმართულებას, რომელიც ინფრასტრუქტურის კუთხით არსებობს - გზები, წყალმომარაგება, მუნიციპალური და ტურისტული ლოკაციების განვითარება, მყარი ნარჩენების მართვა, სივრცითი მოწყობა, დეცენტრალიზაცია და იყო ძალიან კონკრეტული კითხვები კონკრეტულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით,“- ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და უნფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საფრანგეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის საელჩოს მოწვევითა და საფრანგეთ-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის ეგიდით თბილისში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდნენ.
საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელთა მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაცნობა საფრანგეთის ბიზნესწრეებისთვის, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარებისა და ეკონომიკური აღდგენის თაობაზე, ყურადღება გამახვილდა იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ დონორთა მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი, კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციისთვის და ახალი შესაძლებლობების უკვე კონკრეტულ წარმატებულ პროექტებში გადაზრდისათვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ღია და მოხარული ვართ ასეთი ტიპის კომუნიკაციის და ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ინტერესი უკვე კონკრეტული მიმართულებების მიხედვით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაში გადავა,“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ფრანგულმა მხარემ გამოხატა მაღალი დაინტერესება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და ინოვაციების მიმართულებით.